„თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა,“ - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული რიგით 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხად იღებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები ,,მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით“.
„პირველ რიგში, ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, დღესაც მოვისმინეთ იგივე ნარატივი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. მესაზღვრეები "მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზეც.
"რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ამაზეც შედგა საკმაოდ ვრცელი დისკუსია. ჩვენს მიერ დასახელდა ის ლოკაციები, სადაც შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ამაზეც, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი, ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას, პროცესის, რასაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმება ერთ გარემოებას, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას და პირველ რიგში, სწორედ ეს გახლავთ შემდგომი იმ თანამდევი პროცესის წინამორბედი, როგორიც არის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავება და ეს მსხვერპლი სახეზეა დღესაც, ჩვენი 6 თანამოქალაქე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა ყოველთვის არის უცვლელი - მოხდეს, უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლება. დღეს, როგორც მოგახსენეთ, უკანონო პატიმრობაში არის ჩვენი ექვსი თანამოქალაქე, მათ უმეტესობას მისჯილი აქვს ე.წ. წინასწარი პატიმრობა ორი თვის ვადით, ერთი მათგანის საქმე არის დაბრუნებული ხელახალი ე.წ. გამოძიების მიზნით, ერთს კი, ვგულისხმობ ხეთერელს, "მისჯილი“ აქვს 1 წელი და 3 თვე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.